ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი
თითქოს გულში ამიფეთქდა მეხი
წარბი შეჰკარ მოგეღრუბლა სახე
/ბელტთა შორის როცა ყამირს ტეხდი
კაცის ჩონჩხი და ბორკილი ნახე/
სად შესწყდება სიცოცხლის გზა გრძელი
სადაურსა სად წაიყვან ბედო
/ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი
ვისაც ფეხზე ეგ ბორკილი ედო/
ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი
შეებრძოლა მეფის ადათ-წესებს
/ჩამოჰპარსეს გლეხკაცს ცალი წვერი
შებორკილი ციმბირს გაამწესეს/
იქნებ გულში ვერ დაფარა ოხვრა
აუჯანყდა ბატონს ნამუს-მოხდილს
/და მიტომაც დაურჩინეს ოხრად
გუთნეული და ჩალური ქოხი/
ყაზახეთში სირ-დარიის ახლოს
შეჯაჭვული მოიყვანეს ალბათ.
/ბარდაუკვრელ ველებსა და ახოს
გლეხი კაცი გახედავდა ხარბად/
გახედავდა ყამირს, ცვარში ნაბანს
ინატრებდა გამოკვერილ სახნისს
/და ყევარ ხარს-ნიშასა და წაბლას,
წინ გარეკილ შვილიშვილის სახრით./
მაგრამ ვაგლახ ნატვრას ჰგავდა ზღაპარს
ყამირებზე დაღლილივით მიწვა
/შებორკილი, შეჯაჭვული პაპა
მიიბარეს ყაზახეთის მიწამ/
ცრემლით არვინ დაუნამა კალთა
ვეღარც გახდა წყვილი სანთლის ღირსიც.
/ვარსკვლავებმაც გაუნათეს თავთან
და სუდარად გადეფარა ნისლი./
სადაურსა სად წაიყვან ბედო
სიცოცხლის გზას სად არ გადუკეტავ
/საფლავშიაც ბორკილები ედო
მკვდარი სადღა წავიდოდა ნეტავ?!/
დასცხე ბიჭო, მაგ ტრაქტორის გრიალს
ბელტი ბელტზე მიაწვინე მარდად
/დასცხე ბიჭო, მაგ ტრაქტორის გრიალს
საქართველოს მთა და ბარიც უსმენს/