გლახაზე
გლახამ თქვა ბედი კრულია დაბადებისა ჩემისა
რამდენი დილა გათენდა უფრო და უფრო წყენისა
სკოლიდან გამომიყვანეს შინ მოველ ჩემი ფეხითა
დედ-მამა ქორწილს მიმზადებს ათასნაირი წესითა
ტანისამოსი მიყიდეს ქამარ ხანჯალი ვერცხლისა
ემზადებიან მაყრები ცხენებსა ჰკაზმვენ კეხითა
ყველანაირი ცხენია, ლურჯი, წითელი, თეთრიცა
სანათლიაო იძახის ლურჯას ვასუქებ ქერითა
ეკლესის კარზე მივედით პატარძლითა და ნეფითა
ეკლესის კარებზე მისვლა და, ვაიმე, დაცემა მეხისა
გავარდა ნათლიის თოფი ნეფე თან გაიტანაო
ქალმა შეიჭრა ნაწნავნი ზედ გულზე დააყარაო
ბელგით ნაყიდი ბაღდადი ზედ პირზე დააფარაო
შენი ჭირიმე ლამაზო უნდა ჩამოგყვე თანაო
უშენოდ როგორ დავლახო მაღლა მთა დაბლა ჭალაო
მეც თავი უნდა მოვიკლა მომეცით ერთი დანაო
მამასთან კაცი გაგზავნეს მთები გადავლოს ჩქარაო
გიგოლის კარებზე გავლა სულ ყველამ დაიზარაო
ისივ ნათლია ბახამა აუარ ჩაუარაო
სამჯერ შეაღო კარები, სამჯერვე გამოჯარაო
კარში გამოდი გიგოლავ ეჯიფმა დაგიბარაო
გიგოლი ფეხზე წამოდგა ფეხში არ აქვს ძალაო
თმა-წვერზე ხელი გაივლო სულ დაბლა ჩამოყარაო
ხელში ნაჭერი მახვილი შიგ გულში გაიტარაო
თუ ჩემი შვილი მოჰკალით რძალი ვინ წაიყვანაო
შენ შვილი საკაცით მოაქს რძალიც მოჰყვება თანაო
ნუ სტირით ჩემო ჯალაბნო სანამ მე მესმის ყურითა
ნეტავ სამი დღე სიცოცხლე საყიდი იყოს ფულითა
ქორწილი გადამეხადა ღვინოც მესვა და პურიცა
გამეცნო ნათესავები შორიდან წამოსულიცა