თამარ მეფეზე
პაპას ძველის-ძველ ამბების
მოყოლა ისე უყვარდა
რომ ბევრჯერ გასთენებია
ღამე საყვარელ ბუხართან
შვილებო ჰქუხდა ქართველთა
სამეფო სახელგანთქმული
და მტრები როგორც მწირები
მიწაზე ჰყავდა გართხმული
იმ დროს ინება რუსთველი
მზემ ცაზედ ამობრწყინება
რამდენიც უნდა გიამბოთ
თამარზე არ მომწყინდება
ინდოეთამდე აღწევდა
თამარ მზე-ქალას დიდება
ტახტზე ოცი წლის ავიდა
და სიბერემდე იმეფა
როცა სიბერე ეწია
როცა ძალა-ღონე წაერთო
სპასალარს სთხოვა ჩურჩულით
ორ მოყმეს დამიძახეთო
მომიყვანეთო მოყმენი
ჩემი ერთგულნი მარადო
მაქვს საიდუმლო სათქმელი
და მინდა იმათ გავანდო
დაფიქრებული დასტოვე
სასახლეთ მხედართ მთავარი
მას ვერ გაეგო ორ მოყმეს
რისთვის უხმობდა თამარი
და აი კიდეც გაიღო
დამწუხრებული დარბაზი
მომაკვდავის წინ წარმოდგა
ორი ლომგული ლამაზი
ნელ-ნელა მოირხეოდნენ
შევარდენივით სწრაფები
შვენოდათ შავი ულვაში
შავი თმა შავი წარბები
თამარმა თავი ასწია
ორ მოყმეს მწუხრით შეხედა
კეთილი იყოს ეს ჩვენი
უკანასკნელი შეხვედრა
დამმარხეთ არვინ იცოდეს
სად არის ჩემი საფლავი
დაე ვერავინ გაიგოს
სად იმარხება თამარი
არ გინდათ ქვაზედ ჩუქურთმა
დამმარხეთ არვინ იცოდეს
თორემ მომხდური თათარი
მე მკვდარსაც არ შემიცოდებს
ცხრა კუბო გამოასვენეს
ცხრა მხარეს მიყავს ცხედარი
მაინც ვერავინ გაიგო
რომელში იყო ცხედარი
იმ ორმა მოყმემ მალულად
მთაში გათხარა საფლავი
მათ უპატრონეს ღირსეულს
ამოუშენეს ქვით კარი
დამარხეს შემდეგ მოყმენი
თურმე დაეშვნენ თავქვეზე
წყაროსთან შედგნენ და ცივი
წყარო ისხურეს სახეზე
მიწა ნათხარი ხანჯლები
შიშველა ქვებზე ალესეს
აესე შემდეგ გაცვალეს
ერთმანეთს გადაეხვივნენ
ჯერ გადაკოცნეს და შემდეგ
სამშობლოს მიწას ემთხვივნენ
ემთხვივნენ შემდეგ წამოდგნენ
გალობებული ვაჟები
ამბობენ თურმე ერთმანეთს
გულებში ჩასცეს ხანჯლები
იმ მოჩუხჩუხე წყაროსთან
სისხლი დაღვარეს ალალი
ქვეყნად რომ ვერვის გაეგო
სად იმარხება თამარი